გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

Bronchial (Spasmodic) Asthma / ბრონქული ასთმა - bronquli astma

center
ბრონქული ასთმა (bronchial [spasmodic] asthma) – ალერგიული დაავადება; ხასიათდება ბრონქების გამავლობის დარღვევის შედეგად გამოწვეული ხუთვისა და ქოშინის შეტევებით. ბავშვების ორი მესამედი ასთმით ავადდება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში, უპირატესად ბიჭუნები.

ბრონქული ასთმა

ბრონქული ასთმა – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა ალერგიული დაავადებებისადმი, ექსუდაციურ-კატარული დიათეზი. ალერგენები შესაძლებელია იყოს საკვები პროდუქტები (განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში), წამლები, მტვრის ნაწილაკები და სხვ. ალერგენთან განმეორებითი კონტაქტი ახდენს ორგანიზმის სენსიბილიზაციას და ასტიმულირებს ანტისხეულების გამომუშავებას, უწინარეს ყოვლისა რეაგინების, რომლებიც მიეკუთვნება IgE კლასს. წარმოიქმნება დაუყონებელი და დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები, გამოთავისუფლდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ბრონქოსპაზმს, ბრონქების ლორწოვანი გარსების შეშუპებას, ლორწოს გაძლიერებულ სეკრეციას. გარკვეულ როლს ასრულებს ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევები, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია.

ბრონქული ასთმა – კლინიკური სურათი. ბავშვებში ასთმის შეტევა გამოირჩევა პროდრომული პერიოდის არსებობით: აღინიშნება სასუნთქი ორგანოების (ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი, ცემინება და ქავილი ცხვირში, ფარინგიტი, ნუშურების შეშუპება, ერთეული მშრალი ხიხინები და სხვ.), ნერვული სისტემის (აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, მოუსვენარი ძილი, მოძრაობითი მოუსვენრობა და სხვ.), კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კანის (პოლიმორფული გამონაყარი, თხიერი განავალი ან შეკრულობა) მხრივ ესა თუ ის გადახრები. ბრონქული ასთმის შეტევა, განსაკუთრებით კი პატარა ბავშვებში, წარმოიქმნება რესპირატორული დაავადების ფონზე და იშვიათად პროვოცირდება სტრესული სიტუაციებით. ადრეული ასაკის ბავშვებში ასთმის შეტევა წარმოიქმნება შედარებით ნელა, ბრონქების ლორწოვანის ჰიპერემიითა და შეშუპებით. შეტევას თან ახლავს ექსპირატორული ქოშინი, ხმაურიანი, მსტვინავი სუნთქვა: მისი ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე და დღემდე; შეტევის სიმძიმე განისაზღვრება ბრონქების ობსტრუქციის ხარისხით. კლინიკურად და რენტგენოლოგიურად ვლინდება ემფიზემა, შესაძლებელია ატელექტაზები. თუკი შეტევა გრძელდება 6 საათამდე და მეტხანს და არ იხსნება სიმპათომიმეტური პრეპარატების მოქმედებით, ასეთ მდგომარეობას უწოდებენ status asthmaticus. შეტევის ბოლოს თანდათანობით უმჯობესდება მდგომარეობა, ავადმყოფი ამოახველებს გამჭირვალე, ქაფიან, შემდეგ კი სქელ ნახველს; სუნთქვა იოლდება, ქრება ციანოზი. სისხლში აღინიშნება ეოზინოფილია, ნახველში – მიკროსკოპულად ვლინდება ეოზინოფილები, მაკროფაგები, იშვიათად შარკო-ლეიდენის კრისტალები და კურშმანის სპირალები. გართულებები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ასფიქსიური მდგომარეობით, გულის უკმარისობით, ატელექტაზებით, სპონტანური პნევმოთორაქსით (იშვიათად), მედიასტინური და კანქვეშა ემფიზემით. მრავალწლიანი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია განვიტარდეს გულმკერდის დეფორმაცია, პნევმოსკლეროზი, ფილტვების ემფიზემა, ქრონიკული ფილტვისმიერი გული, ბრონქოექტაზები.

ბრონქული ასთმა – დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზისა და დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების საფუძველზე, სისხლში IgE და ეოზინოფილების მაღალი შემცველობის, ნახველში – კურშმანის სპირალებისა და შარკო-ლეიდენის კრისტალების გამოვლინებით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება უცხო სხეულის ასპირაციასთან, ყივანახველასთან, კრუპთან, შუასაყარის სიმსივნესთან. ამ დაავადებებისათვის დამახასიათებელი არ არის ექსპირატორული ქოშინი; ყივანახველის დროს მნიშვნელობა ენიჭება ხველის ხასიათსა და ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს.

ბრონქული ასთმა - მკურნალობა. ავადმყოფის იზოლაცია ალერგენის წყაროსაგან, სუფთა, მაგრამ, არაცივი ჰაერი. შეტევის დროს ფეხის ან ხელების ცხელი აბაზანა. ტარდება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი ადეკვატური მკურნალობის დროს და თანმხლები დაავადებების არარსებობისას კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მასალის წყარო: MedGeo.Net - სამედიცინო ინტერნეტ ქსელი
რეიტინგი: 3.5/2
Счетчики: 3090 | დაამატა: nikucha | ტეგები: მედიცინა, მკურნალობა, medicina, bavshvebi, პედიატრიული დაავადებები, mkurnaloba, pediatiuli daavadebebi, ბავშვის დაავადებები, bavshvis daavadebebi
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...